უკრაინის უფლებადამცველი ჯგუფის, "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის" ხელმძღვანელი ოლექსანდრა მატვიიჩუკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს უკრაინაში ომის გამო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინულ უფლებადამცველ ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს", რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებთან ერთად, წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ოლექსანდრა მატვიიჩუკმა, 7 ოქტომბერს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც ორგანიზაცია ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა, განაცხადა: „მიეცით ომის დანაშაულის ასეულ ათასობით მსხვერპლს შესაძლებლობა, იხილონ მართლმსაჯულება...საჭიროა, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი და პასუხისგებაში მიეცენ პუტინი და ლუკაშენკა, ასევე ომის სხვა დამნაშავეები“.
თავის პოსტში, რომელიც ფეისბუკით გაავრცელა, უკრაინელი უფლებადამცველი გაეროს რეფორმირებისკენ მოწოდებით გამოდის და ამბობს, რომ რუსეთი უნდა გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან, ამ ორგანიზაციის „წესდების სისტემატური დარღვევის გამო“.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია წელს უკრაინის CCL-ს გარდა, მიენიჭათ რუსეთის უფლებადამცველ ჯგუფ „მემორიალს“ და საპატიმროში მყოფ ბელარუს უფლებადამცველ ალეს ბიალიატსკის, რომელმაც ჯგუფ „ვიასნას“ დაუდო სათავე.