საშემოდგომო სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არმიამ. დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პოლიგონზე, ოკუპირებულ სოფელ ძარწემში, საბრძოლო მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს.
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედრო პერსონალის ინდივიდუალურ ქმედებებს, ასევე მოქმედებებს რაზმების, ეკიპაჟების და ჯგუფების შემადგენლობაში. წვრთნის შედეგების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან ტესტირებას, ასევე გამოავლენენ მიზანში სროლისა და ჯავშანტექნიკის მართვის უნარებს. სასწავლო პროცესის ყველა ელემენტის შესრულებისას მეტი ყურადღება ექცევა იარაღსა და საბრძოლო მასალის უსაფრთხოებას“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, პოლკოვნიკი მარატ პავლოვი კი ე.წ სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრა. პრესსამსახურის ცნობით, მარატ პავლოვი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის ბრძანებით, სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვია და შეხვდა აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ ანუას.
„შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივი ურთიერთქმედების პროცედურა, ასევე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. მარატ პავლოვი ასევე შეხვდა აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი შამბას. მისი ჩასვლა სოხუმში დაემთხვა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულების ხელმოწერას. სააგენტო „აფსნიპრესის" თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.