ყველა ადამიანს აქვს გარკვეული საგნის, მოვლენის შიში, რაც სრულიად ბუნებრივი თვისებაა. ზოგს ობობების ეშინია, ზოგს საჰაერო მოგზაურობის, თუმცა არსებობს გრძნობა, რომელიც გონივრულ რეაქციას ცდება და არაპროგნოზირებადი ხდება. ასეთია ფობია.
“ფობია არის კონკრეტული სიტუაციის ან ობიექტის შიში, რომელიც არაპროპორციულია რეალობასთან მიმართებით და ხელს უშლის პიროვნებას მშვიდად ცხოვრებაში“, – რონ რაპი, ფსიქოლოგიის პროფესორი და ავსტრალიის მაკუარის უნივერსიტეტის ემოციური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი. „ფობიების უმეტესობა არსებითად ერთსა და იმავე მახასიათებლებს ავლენს და განსხვავდება მხოლოდ შიშის განსაკუთრებული ფოკუსით”.
„საერთო მახასიათებლებში შედის საშიში სიტუაციის ან საგნის თავიდან აცილების სურვილი. ნეგატიური აზრები და ფიზიკური სიმპტომები შიშის დროს, როგორიცაა გულისცემის გახშირება, გუგის გაფართოება და სუნთქვის სიხშირის გაზრდა“, – აღნიშნა რაპიმ.
მისი აზრით, წყლის მიმართ შიში არის გონივრული, სრულიად რაციონალური „სიფრთხილის“ მაგალითი, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ მიზეზით გარდაიქმნას ფობიად. და შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ფობია, როგორიცაა სიმაღლის შიში, რეალურად წარმოიშვა ევოლუციური წნეხის გამო.
”უმეტეს შემთხვევაში, ფობიები გვხვდება რეალისტურ და ევოლუციურად მგრძნობიარე საგნებთან და სიტუაციებთან მიმართებით”, – თქვა რონმა. მაგალითად ადამიანებს არ აქვთ ელექტროსადენების მიმართ მკვეთრად გამოხატული ფობია, რადგან ის არ არის ადვილად შესამჩნევი და თვალისგან მოშორებულია. მაშინ, როდესაც იგი არანაკლებ საშიშია სიცოცხლისთვის, ვიდრე ქარიშხალი, გველი ან ობობა. ფსიქოლოგების აზრით, ადამიანს ფობიების უმეტესობა ბავშვობაში უჩნდება. ეს ფროიდის თეორიას ემყარება, რომლის მიხედვითაც ადრეულ ასაკში მიღებული ტრამვული გამოცდილება, რომელიც მეხსიერებამ დათრგუნა, აწმყოში ფობიის სახით ფორმირდება.
ზოგიერთი ექსპერტი, როგორიცაა დოქტორი ჯოელ პარისი, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, ვარაუდობს: “თეორიის მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულების არარსებობა ნიშნავს, რომ რეპრესირებულმა მოგონებებმა შეიძლება ითამაშოს როლი ზოგიერთი ადამიანის ფობიის განვითარებაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს უმრავლესობის შემთხვევაში.”
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფობიას მხოლოდ უარყოფითი გამოცდილება აყალიბებს. შეიძლება ეს იყოს ის, რაც სხვას შეემთხვა და ადამიანი ამის შესახებ ინფორმირდა. ან ბავშვობაში მშობლისგან მიღებული გაფრთხილება, რომ ოკეანე საშიშია. ნანახი ფილმი, სადაც წყალი დამანგრეველ სტიქიად არის წარმოჩენილი. ამ ყველაფრის ფონზე, შესაძლოა, განვითარდეს ტალასოფობია ანუ ოკეანის და მასთან დაკავშირებული ობიექტების შიში.
მიზეზი ოჯახური გარემო და გენეტიკური ფაქტორიც შეიძლება გახდეს, თუ ადამიანი ისეთ გარემოცვაში იზრდება, სადაც სხვები მიდრეკილნი არიან ფობიების ქონისკენ.
ფობიების დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. პირველ რიგში, საჭიროა საკუთარ შიშებთან პირისპირ შეჯახება. არსებობს თერაპიები, რომელიც ადამიანს საკუთარ შიშებთან უშუალო კონტაქტში ამყოფებს და ასე ეხმარება მას შიშისგან გათავისუფლებაში. თუ ხვდებით, რომ არაპროგნოზირებადი და ძალიან ძლიერი შიში გიპყრობთ, იცოდეთ, რომ ეს არარეალური და ირაციონალურია.
წყარო: livescience.com
ფოტო: unsplash.com