პოპულარულმა რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა (ჩხარტიშვილი), ბერლინის ლიტერატურულ ფესტივალზე გამოსვლისას, დასავლელ პოლიტიკოსებს მოუწოდა ბოლო არ მოუღონ რუსულ საზოგადოებას და არ გაკიცხონ რიგითი რუსები.
რუსი მწერლების, ბორის აკუნინისა და სერგეი ლებედევის მონაწილეობით დისკუსიის ბილეთები მის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. მათ 22-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში აუდიტორიასთან შეხვედრა გამართეს.
დისკუსიის სახელწოდება იყო “რუსეთი: ტოქსიკური სამშობლო”. ბორის აკუნინმა და სერგეი ლებედევმა განიხილეს “სამშობლოს” კონცეფცია, რუსულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება და უბრალო ხალხის როლი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.
ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების წინა დღეს, ბორის აკუნინმა ცალკე და ძალიან მკვეთრად ისაუბრა დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობებზე, დაესვათ ტოლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ქვეყნის მოქალაქეებს შორის.
“რუსეთმა ბევრი ცუდი რამ მოუტანა მსოფლიოს, მაგრამ ასევე ბევრი კარგიც. და მე საერთოდ არ ვარ მზად, დავთმო ის სიკეთე, რომელიც რუსეთმა შექმნა. მე არ ვარ მზად, რომ ის მივცე ვლადიმირ პუტინს.” მწერალმა თქვა: “ჩვენთვის აუტანელია, რომ პუტინი გამოხატავს რუსეთს”.
მისი თქმით, რუსული სახელმწიფოს მთავარი პრობლემა არის გადაჭარბებული ცენტრალიზაცია, იმპერიალიზმი და ის, რომ ასეთი უზარმაზარი ქვეყანა ყოველთვის მხოლოდ ძალადობის წყალობით იყო შენარჩუნებული.
“ისტორიულად, როგორც კი ძალადობრივი სისტემის შესუსტება დაიწყო, სახელმწიფომ დაიწყო ნგრევა”, – მიიჩნევს მწერალი. მისი თქმით, თუ რუსეთი არ შეცვლის თავისი არსებობის პრინციპს, არ გახდება ფედერაცია, მაშინ მას მორიგი დემოკრატიული რევოლუცია ელის და ამის შემდეგ ავტორიტარიზმში გადახრის კოშმარი.
2022 წელს, პუტინის რეჟიმის მიერ გაჩაღებული სისხლისღვრის საპასუხოდ, მწერალმა ბორის აკუნინმა, მსახიობმა მიხაილ ბარიშნიკოვმა და ეკონომისტმა სერგეი გურიევმა დააარსეს საქველმოქმედო ორგანიზაცია True Russia, რომელიც ომის მსხვერპლებს ეხმარება და აერთიანებს რუსული კულტურის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის სამხედრო აგრესიას.
მწერალი მიიჩნევს, რომ რუსეთში არსებული რეჟიმისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა რევოლუციაა, რომლის გაკეთებაც მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა რიგითი რუსების წინააღმდეგ სანქციები არ აახლოებს რეჟიმის დაშლას, პირიქით, მხოლოდ აძლიერებს პუტინის პოზიციებს. ამიტომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა მუდმივად უნდა გაიმეორონ, რომ ისინი რეჟიმის მტრები არიან, მაგრამ ამავე დროს რუსი ხალხის მეგობრები.
“დასავლეთი არ უნდა იზოლირდეს რუსებისგან, არამედ უნდა იზოლირდეს პუტინისგან”, – განაცხადა აკუნინმა და დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.