აბსოლუტურად ვეთანხმები [კელი დეგნანს] იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ არ იზიარებს იმ წერილების შინაარსს, რომელსაც ე.წ. კვარტეტი ავრცელებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უმადურობაა, როდესაც ისმის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირისა და ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გადაჭრით უნდა აჩვენოს, რომ ეჭვქვეშ არ არის ჩვენი პროდასავლური კურსი. რომ არ არის ეჭვქვეშ ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და რომ ეს ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ელემენტარული უმადურობაა, როდესაც ვაკრიტიკებთ შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირს, ევროპელ პოლიტიკოსებს. გაიხსენეთ, 30 წლის წინ ხორბალსაც კი საჩუქრად გვაძლევდნენ ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო. მაგალითად 2008 წელს ისინი რომ არა რუსული ტანკები არ გაჩერდებოდნენ იქ, სადაც გაჩერდნენ და პირდაპირ თბილისში შემოვიდოდნენ და სწორედ მათი დამსახურებაა იყო ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების. ამდენად ცოტა მეტი მადლიერება და კეთილსინდისიერება გვმართებს მათთან ურთიერთობაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.