აშშ-ის ორმა სენატორმა - დემოკრატმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და რესპუბლიკელმა, ლინდსი გრემმა - აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას განსახილველად წარუდგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
პრეს-კონფერენციაზე სენატორებმა განაცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯი აქტუალურია მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მკვლელობებისა და სხვა სისასტიკის გამო.
კენჭისყრის სავარაუდო თარიღის შესახებ კონგრესში ჯერ არ განუცხადებიათ. მანამდე სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის ასეთი სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას.
ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ კონგრესის ქვედა პალატაში ანალოგიურ კონონპროექტს წარადგენს სპიკერი ნენსი პელოსი, რომელიც მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს მმართველ დემოკრატიულ პარტიაში.
შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშია. ბაიდენი და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი, ენტონი ბლინკენი, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ. თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ეს აღიარება მთლიანად შეაჩერებს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის შესაძლოა, გამოიწვიოს უკრაინული სურსათის ექსპორტის შეფერხება და საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის გავლით საქონლის გადაზიდვის ხელშეკრულებებს.
ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ ზომებს განიხილავს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლობს კონგრესთან და განიხილავს შეზღუდვებს, რომელთაც სერიოზული ზეგავლენა ექნებათ რუსეთის ეკონომიკასა და მთავრობაზე, მაგრამ არ ექნებათ გაუთვალისწინებელი შედეგები. მანამდე, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებისკენ არაერთი მოწოდება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.