აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 3,5 მილიარდი დოლარის აქტივებს მიმართავს შვეიცარიაში შექმნილ ახალ ფონდში, რომლის მიზანსაც ქაბულის ხელისუფლებაში მყოფი მოძრაობა "თალიბანის" გვერდის ავლით, ამ თანხების ომისგან გაჩანაგებული ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის გამოყენება წარმოადგენს.
ხაზინის 14 სექტემბრის განცხადების თანახმად, ახლახან შექმნილ ავღანეთის ფონდს უხელმძღვანელებს მმართველთა საბჭო, რომელიც შეეცდება ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილიზაციას.
ფონდი ავღანეთის მთავრობის კუთვნილ გაყინულ თანხებს აუცილებელი პროდუქციის, მათ შორის ელექტროენერგიის შესაძენად, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე წარმოქმნილი ვალების და ასევე ახალი ეროვნული ვალუტის დაბეჭდვისათვის აუცილებელი თანხების დასაფარად გამოიყენებს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "თალიბანის" რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიები და ეკონომიკისადმი უყაირათო დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ პრობლემებს.
"თალიბანმა" შარშან, აგვისტოში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში მას მერე, რაც ავღანეთი დასავლეთის ჯარებმა დატოვეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ლეგიტიმურად "თალიბანის" მიერ შექმნილ მთავრობას. "თალიბანი" ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ კრემლი რეგულარულად მართავს შეხვედრებს თალიბებთან მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შარშან განაცხადა, რომ მოსკოვი იმოძრავებს "თალიბანის" ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებისკენ. სახელმწიფო მედიას დაევალა თალიბებზე მასალებში შეეცვალათ შესაბამისი ნიშანი.