საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ის აღნიშნავს, რომ ელისაბედ II
თაობებს ემახსოვრება.
„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!” - წერს პრემიერ-მინისტრი.
ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე. ბუკინგემის სასახლემ ცნობა 96 წლის დედოფლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა 8 სექტემბრის საღამოს: „დედოფალი ბალმორალში მშვიდად გარდაიცვალა“ - წერია სასახლის განცხადებაში.
მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი ავტომატურად გახდება გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.
ელისაბედ მეორე იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური.
უინძორების (1917 წლამდე საქსე-კობურგი და გოთა) დინასტიის წარმომადგენელი, ელისაბედ ალექსანდრა მერი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.
ელისაბედ მეორე იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.