უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს და მის ორ ხელქვეითს, როსგვარდიის მეთაურის მოადგილეს დანილ მარტინოვსა და როსგვარდიის ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის, „სამხრეთის“, 249-ე ტაქტიკური ჯგუფის მეთაურს ჰუსეინ მეჟიდოვს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტინოვი პირადად ხელმძღვანელობდა 5 მარტს ბოროდიანკის ფსიქონევროლოგიური ინტერნატის შენობის აღების ოპერაციას.
„მისი ბრძანებით 500 ადამიანი აიყვანეს მძევლად, მათ შორის ასზე მეტი მწოლიარე ავადმყოფი, შენობის შესასვლელები დანაღმეს, თავად ინტერნატი კი ოკუპანტების საცეცხლე პოზიციად აქციეს“,- ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ჰუსეინ მეჟიდობს ადანაშაულებენ ქალაქ გოსტომელის მცხოვრებთა მძევლად აყვანასა და დატყვევებაში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობის სარდაფში 25 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად დაზარალებულებს შორის იყვნენ ქალები, მოხუცები და ბავშვები.
უწყებაში განცხადებაში წერია, რომ გაუსაძლის არაადამიანურ პირობებში გარდაცვლილები სახლის მიდამოებში „დაკრძალეს“.
უკრაინის უშიშროების სამსახური წერს, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში რამზან კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა და ამ ქვედანაყოფების ცალკეული მოქმედებს გეგმავდა, გასცემდა ბრძანებებს და იბარებდა ანგარიშებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა კადიროვს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა: აგრესიული ომის დაგეგმვა და გაჩაღება, უკრაინის საზღვრის შეცლის მიზნით განზრახ მოქმედება რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია და ასევე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება.
მეჟიდოვსა და მარტინოვს ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად რამზან კადიროვმა უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებას ტელეგრამის არხზე ხმოვანი შეტყობინებით უპასუხა: „განსაზღვრეთ ადგილი სადაც უნდა გამოვცხადდეთ, სიამოვნებით მოვალთ და გავარჩიოთ ვინ დამნაშავეა, ვინ ტერორისტი“ , - განაცხადა კადიროვმა.