პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრზე, ანა კუზმინიხზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ „მედიაზონა“ იუწყება საძიებო ბაზაზე დაყრდნობით, რომელშიც მითითებული არ არის, რომელი მუხლით იძებნება ეჭვმიტანილი.
უფრო ადრე ტელეგრამის არხმა "Осторожно, новости"-მ წყაროს მიუთითებლად გაავრცელა ცნობა, რომ კუზმინიხი ეჭვმიტანილად ცნეს რუსეთის სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფისთვის, რომელიც დამაგრებული იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფიტულზე, რომელიც თბილისში დაწვეს. საქმის ფარგლებში 24 მაისს კუზმინიხის ნათესავების სახლი გაჩხრიკეს.
აქცია თბილისში მარტში გაიმართა. როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ უთხრა კუზმინიხმა, დროშა შემთხვევით დაიწვა, ამის გაკეთება აქციის ორგანიზატორებს არ სურდათ. დროშა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიიტანა, „თავს საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი და ვერ ვადევნებდი თვალს გარშემო რა ხდებოდა“, - თქვა კუზმინიხმა.
ფემინისტური პანკ-ჯგუფი „პუსი რაიოტი" აქტიურად უპირისპირდება რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობისთვის სხვადასხვა აქცია-პერფორმანსებს აწყობს.