დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას მომავალ წელს „ევროვიზიის“ კონკურსის მასპინძლობის შესაძლებლობა მიეცეს.
ამის შესახებ მან განაცხადა მას შემდეგ, რაც დაბრუნდა კიევიდან, სადაც ის გუშინ იმყოფებოდა - მეორედ მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ.
ახლახან „ევროვიზიის“ ორგანიზატორმა - ევროპის სამაუწყებლო კავშირმა - განაცხადა, რომ მიუხედავად წესებისა, რის თანახმადაც, კონკურსი უნდა ჩაატაროს წინა წელს გამარჯვებულმა ქვეყანამ, მომავალ წელს „ევროვიზიის“ ტურნირი უკრაინაში ვერ ჩატარდება სამხედრო მოქმედებებისა და მათთან დაკავშირებული რისკების გამო. წლევანდელ შეჯიბრში გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ.
ჯონსონის სიტყვებით, უკრაინელებმა კონკურსში პატიოსნად და სამართლიანად გაიმარჯვეს და უნდა მიიღონ 2023 წელს მისი ჩატარების შესაძლებლობა. მისი თქმით, კონკურსამდე თითქმის ერთი წელი რჩება და მან იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისთვის „ყველაფერი რიგზე იქნება“. ჯონსონის თანახმად, კონკურსი შეიძლება გაიმართოს კიევში ან სხვა „უსაფრთხო ქალაქში“.
ამასთან, ორგანიზატორები გამოვიდნენ წინადადებით, „ევროვიზია-2023“ ჩატარდეს სწორედ დიდ ბრიტანეთში, რომლის წარმომადგენელმა წელს მეორე ადგილი დაიკავა. ჯონსონმა თქვა, რომ მოხარული იქნებოდა ბრიტანეთში კონკურსის ჩატარებით, მაგრამ უკრაინამ უფრო მეტად დაიმსახურა ეს.