ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 30-31 მაისს, ბრიუსელში გაიმართება, წევრი სახელმწიფოები ისევ ვერ შეთანხმდნენ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო „როიტერსი“.
ემბარგოს, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ერთი თვის წინ მომზადებული სანქციების მეექვსე პაკეტის მთავარი პუნქტია, უნგრეთი ეწინააღმდეგება. უარს ამბობდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთიც. უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
კომპრომისის სახით, ევროკავშირმა უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს შესთავაზა იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ჩეხეთი და სლოვაკეთი დათანხმდნენ ემბარგოს 2.5 წლით გადავადებას, უნგრეთმა კი, მოითხოვა 4 წელი და სულ მცირე 800 მილიონი ევრო იმისთვის, რომ ქვეყანამ გადააიარაღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ხორვატიიდან მომავალი მილსადენის გამტარუნარიანობა გაზარდოს.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დღეს 30 მაისს, ევროკავშირის ლიდერთა შეკრებამდე, წევრი სახელმწიფოების ელჩები კიდევ ერთხელ შეეცდებიან შეთანხმების მიღწევას. სააგენტო „ფრანს პრესი“ ევროკავშირში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპრომისულ ვარიანტად განიხილება საფრანგეთის წინადადება, რომ ამ ეტაპზე აიკრძალოს რუსული ნავთობის საზღვაო გზით იმპორტი და სანქცია ჯერჯერობით არ შეეხოს ნავთობსადენ „დრუჟბას“.
მაგისტრალური მილსადენების სისტემა „დრუჟბა“ რუსეთიდან ბელარუსის გავლით, ნავთობს აწვდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. უნგრეთი სწორედ ამ მილსადენით იღებს ნავთობის 65%-ს.
ევროკავშირისგან რუსული ნავთობის, როგორც ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროს იმპორტის აკრძალვას ითხოვს უკრაინის ხელისუფლება. ევროკავშირის ლიდერთა სამიტს, რომელიც დღეს იხსნება, ონლაინ მიმართავს პერეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.