ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად რუსეთის ჯარების მიერ აღებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტში შაბათს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, შევიდა რუსეთის გემი. მასზე ლითონს ტვირთავენ. გემი, რომლის სახელსაც არ იტყობინებიან, ორშაბათს უნდა გაემგზავროს დონის როსტოვში. უკრაინის ხელისუფლებამ ამას მაროდიორობა და ძარცვა უწოდა.
პორტში ხომალდის შესვლაზე რუსეთის მედიასაშუალებები წერენ. მარიუპოლში მისი ჩასვლის ფაქტი კიევშიც დაადასტურეს. უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ Telegram-ის არხში დაწერა, რომ გემი სამი ათასი ტონა ლითონის ნაწარმით დაიტვირთება. როგორც იტყობინებიან, მთლიანობაში მარიუპოლის პორტის ტერიტორიაზე ოკუპაციამდე დაგროვილი იყო 170 მილიონი დოლარის ღირებულების 200 ათასამდე ტონა ლითონი.
უკრაინაში ფოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია „მეტინვესტმა“ ადრე განაცხადა, რომ მარიუპოლის პორტში დგას ხუთი ხომალდი, რომლებიც უკვე დატვირთულია ათობით ათასი ტონა ფოლადით და რომლებიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იდგა იქ. კომპანიას მიაჩნია, რომ რუსეთი შეიძლება შეეცადოს, ხელში ჩაიგდოს გემები და ტვირთთან ერთად უკანონოდ გაიყვანოს ისინი პორტიდან, რაც მაროდიორობისა და მძარცველობის აქტად ჩაითვლება. რუსეთის მედიის ცნობებში აღნიშნულია, რომ დღეს მარიუპოლში ჩასულ გემს ლითონი გააქვს ხელშეკრულებების მიხედვით, რომლებიც ჯერ კიდევ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე“ იყო გაფორმებული.
26 მაისს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მარიუპოლის პორტის აკვატორია მთლიანად გაწმენდილია ნაღმებისა და ჩაძირული გემებისგან.
ომის მსვლელობისას რუსეთის ჯარებმა უკრაინას გზა მოუჭრა აზოვის ზღვისკენ, ხელში აიღო რა კონტროლი ბერდიანსკისა და მარიუპოლის პორტებზე. შავი ზღვის სანაპირო, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, ამჟამად დაბლოკილია რუსეთის ფლოტის მიერ, რამაც უკვე გამოიწვია მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა იმის გამო, რომ უკრაინის პორტებიდან ვერ ხერხდება მარცვლეულის გატანა.