ირანის უშიშროების ძალებმა ჰაერში ისროლეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს დემონსტრაციის დასარბევად ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ აბადანში, სადაც მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა და 28 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება 28 მაისს.
მშენებარე 10-სართულიანი შენობის მოზრდილი სექციის კოლაფსი ირანში ამ სახის ყველაზე მსხვერპლიანი კატასტროფაა წლების განმავლობაში.
აბადანსა და ირანის სხვა ქალაქებში ზედიზედ მესამე დღეა იმართება საპროტესტო აქციები.
უშიშროების ძალებმა აბადანში „გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ჰაერში ისროლეს კატასტროფის ადგილის მახლობლად“, რათა დაეშალათ საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე, რომლებიც გლოვობენ დაღუპულებს და კატასტროფისთვის პასუხისმგებელთა გასამართლებას მოითხოვენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.
Fars-ის თანახმად, დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ: „სიკვდილი არაკომპეტენტურ მოხელეებს“ და „არაკომპეტენტური მოხელეები სიკვდილით უნდა დაისაჯონ“.
ქალაქ ბანდერ-ე მაჰშაჰრში საპროტესტო აქციის მონაწილეები მღეროდნენ და ტრადიციულ დოლებზე უკრავდნენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა ირანის სხვა ქალაქებში - ისპაანში, იაზდსა და შაჰინ შაჰრში, სადაც აქციების მონაწილეებმა თანაგრძნობა გამოუხატეს ტრაგედიის მსხველპს.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ, რომელიც აბადანში იმყოფება, 28 მაისს განაცხადა, რომ „ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ ორი გვამი“. ამგვარად დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.