შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა უკრაინის ელჩის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დასახელებული კანდიდატი, ბრიჯიტ ბრინკი.
როგორც მოელიან, ვეტერანი დიპლომატის, ბრინკის კანდიდატურა იოლად მოიპოვებს მხარდაჭერას მთელ სენატშიც, რომელმაც 2019 წელს ის ერთხმად დაამტკიცა ამჟამინდელ პოზიციაზე, სლოვაკეთში აშშ-ის ელჩად.
ბაიდენმა ბრინკი გასულ თვეში დაასახელა უკრაინაში ელჩობის კანდიდატად და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მას კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს. ამ საკითხთან მიმართებით სენატის კომიტეტის სწრაფი მოქმედება ადასტურებს კანონმდებელთა სურვილს, შეივსოს ეს მნიშვნელოვანი პოსტი, რომელიც სამი წელია ვაკანტურია.
ამავდროულად, კონგრესი ამ ნაბიჯს განიხილავს მხარდაჭერის გამოვლინებად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, ისევე, როგორც 40 მილიარდამდე ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირაში დამტკიცდება.
ბრინკი, რომელიც რუსულ ენას ფლობს, 25 წელია კარიერული დიპლომატია. მას ნამუშევარი აქვს საქართველოსა და უზბეკეთში, ისევე, როგორც რამდენიმე წამყვან პოზიციაზე სახელმწიფო დეპარტამენტში და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში.
2018 წელს ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლამდე, ბრიჯიტ ბრინკი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილედ.