რუსული ჯარები მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიას ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბავენ. ეს დასკვნა გამომდინარეობს კვირას სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოდან. უცნობია, თუ როდის არის აღნიშნული ვიდეო გადაღებული, მაგრამ მას როგორც რუსული, ისე უკრაინული წყაროები ავრცელებენ.
Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენლის, რუსლან ლევიევის თქმით, საუბარია არა ფოსფორიან საბრძოლო მასალაზე, არამედ თერმიტულ იარაღზე, რომლის გამოყენებაც გაეროს კონვენციით აკრძალულია ისეთი ადგილებში, სადაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდეს.
"აზოვსტალის" ქარხანა ქალაქის შემადგენელი ნაწილია და მისი ტერიტორიიდან რამდენჯერმე განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ გაეროში აღნიშნავენ, რომ არ შეუძლიათ დარწმუნებით დაადასტურონ, რომ ტერიტორიაზე კვლავაც არ იმყოფებიან სამოქალაქო პირები.
რუსეთის მხრიდან "აზოვსტალის" ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომვის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
რუსული არმიის ალყაში მყოფი მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიას უკრაინელი მებრძოლები ორ თვეზე მეტია იცავენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. 10 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ "აზოვსტალში" რჩება 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი.
მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზეა ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა პოლკ "აზოვის" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა.