კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ხერსონის ოლქის მიღების საკითხი "თავად ოლქის მცხოვრებთა გადასაწყვეტია" და ამასთან, "მკაფიო იურიდიული დასაბუთება" დასჭირდება.
დღეს, 11 აპრილს, ხერსონის ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა, რომ „ქალაქი ხერსონი რუსეთია“ და ოლქის „ხელმძღვანელობა“ აპირებს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, პრეზიდენტ პუტინს მიმართოს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რეგიონის მისაღებად.
იქნება თუ არა ასეთი მიმართვა, უნდა გადაწყვიტონ ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმა და საკუთარი ბედიც მათ უნდა განსაზღვრონ, - უთხრა დღეს მოსკოვში, ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
გარდა ამისა, როგორც პესკოვი ამბობს, ეს საკითხი დეტალურად უნდა შეამოწმონ და შეაფასონ იურისტებმა, გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს "მკაფიო იურიდიული სარჩული და დასაბუთება" და უნდა იყოს „აბსოლუტურად ლეგიტიმური, ისევე, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, შეკითხვას, კრემლის აზრით, სწორი იქნებოდა თუ არა ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარება, პესკოვმა უპასუხა, რომ თქვა ის, რისი თქმაც სურდა და რეფერენდუმზე არაფერი ულაპარაკია.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ოკუპაციის წინააღმდეგ ხერსონელების არაერთი საპროტესტო აქცია რუსმა სამხედროებმა ძალით დაშალეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპაციის გამო, ხერსონი დატოვა ქალაქის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა.
აპრილში, უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი ხერსონში აპირებს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას კიდევ ერთი "სახალხო რესპუბლიკის" შესაქმნელად. ამ გეგმის არსებობას ადასტურებდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც.
2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".