უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 9 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით და ამასთან, შენარჩუნებულია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მაღალი ალბათობა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მიმართულებით თავმოყრილია რუსეთის პირველი სატანკო არმიის, დასავლეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების და საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. უკრაინის არმიის სარდლობა აქტიურ შეტევას სწორედ იზიუმის და დონეცკის მიმართულებებით ელოდება.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე არის შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას პირად დოკუმენტებს ართმევენ და მათი დაბრუნების პირობა 9 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობაა. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გამარჯვების დღის აღსანიშნავად აღლუმებისთვის აქტიური მზადებაა ოკუპირებულ ყირიმში.
დღეს რუსეთი აღნიშნავს "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 77-ე წლისთავს. მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართება აღლუმი, რომელშიც, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სამხედრო. წითელ მოედანზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი პუტინი.