ხუთშაბათს, ვარშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, უკრაინისთვის 6,5 მილიარდი დოლარი შეგროვდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. შეგროვებული თანხები მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინის აღდგენას რუსული აგრესიის შემდეგ.
კონფერენციაზე (ვიდეოკავშირით) სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკვე ამზადებს ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის მასშტაბურ გეგმას. კიევის ეკონომიკის სკოლასთან არსებული KSE Institute-ის ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, უკრაინის საერთო ზარალი უკვე ახლა შეადგენს 600 მილიარდამდე დოლარს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, პრესკონფერენციაზე, ვარშავის ღონისძიების შედეგების მიხედვით, განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენის მთავარ წყაროდ უნდა იქცეს რუსული ფული. "ნაწილობრივ ამას ჩვენი პარტნიორები დააფინანსებენ, ნაწილობრივ ამას ჩვენი ბიუჯეტი დააფინანსებს... მაგრამ მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს აგრესორის ფული. დღესდღეობით - [არსებობს] რუსეთის ფედერაციის 300 მილიარდამდე გაყინული აქტივები, რომლებიც სახელმწიფოს ეკუთვნის. მთლიანობაში, თუ რუსი ოლიგარქების გაყინულ აქტივებსაც ავიღებთ, ეს თანხა 500 მილიარდ დოლარამდე გამოდის", - თქვა შმიგალმა. მისი სიტყვებით, უკრაინის ხელისუფლება უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინისთვის გაყინული აქტივების გადაცემაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ მიიღო 12 მილიარდ დოლარზე მეტი - როგორც იარაღის, ასევე ფინანსური დახმარების სახით.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს.
KSE Institute-ის ანალიტიკური ცენტრის გამოთვლით, 2022 წლის მაისისთვის უკრაინაში დაზიანებულია 33 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფონდი, 543 საბავშვო ბაღი, 231 სამედიცინო დაწესებულება, 144 კულტურული და 97 რელიგიური ობიექტი.