მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ალექსეი ნავალნისათვის თაღლითობის მუხლით გამოტანილი განაჩენი, ოპოზიციონერ რუს პოლიტიკოსს ვლადიმირის ოლქის სოფელ მელეხოვოში მდებარე მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანენ.
როგორც სოციალურ ქსელში წერს, ამის შესახებ ალექსეი ნავალნის კოლონიის პატიმრებმა უამბეს.
"ჩემი განაჩენი ჯერ არ შესულა ძალაში, მაგრამ მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიის პატიმრები მწერენ, რომ იქ ჩემთვის უკვე დაიწყეს "ციხეში ციხის" მოწყობა. ამბობენ, თუ დაგუგლავ, იქ არის პატიმრების მონაყოლი იმის თაობაზე, თუ როგორ აცლიან ფრჩხილებს. რა გაეწყობა, სამაგიეროდ საბაბი მექნება იმისთვის, რომ გამოვიყენო მოდური ემოჯი", - წერს ნავალნი და თავის მესიჯზე მიბმული აქვს ღიმილი ვარდისფერი ფრჩხილებით.
მელეხოვოში მდებარეობს მკაცრი რეჟიმის კოლონია ИК-6. გასული წლის მარტში "მედიაზონაში" გამოქვეყნდა ამ კოლონიის ყოფილი პატიმრის, ივან ფომინის 60-გვერდიანი წერილის ნაწყვეტი, რომელშიც ფომინი აღწერს კოლონიაში პატიმრების წამების, სექსუალური ძალადობისა და წამების შემთხვევებზე.
ნავალნის ახალ საქმეზე სასჯელი 2022 წლის მარტის ბოლოს შეეფარდა. სასამართლომ მას მიუსაჯა ცხრა წლით პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით და 1,2 მილიონი რუბლის ჯარიმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში შემოწირულებების სახით შესული თანხების თაღლითობის გზით მითვისებისა და მოსამართლის უპატივცემულობისთვის.
ოპოზიციონერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხოლო მისი მომხრეები თვლიან, რომ ნავალნის სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. უფლებადამცველი ორგანიზაციები ალექსეი ნავალნის პოლიტპატიმრად აღიარებენ. მისი გათავისუფლება მოითხოვეს ევროკავშირმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბევრმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ.