ამჟამად „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, უკრაინელ სამხედროებთან კავშირი არ მყარდება - ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, "აზოვსტალზე" შტურმი 3 მაისს, მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ დაიწყო. წყაროსავე ცნობით, დღეს, 4 მაისს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქარხნის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს, მანამდე „აზოვსტალზე“ საჰაერო იერიში მიჰქონდათ.
მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, უკრაინული ტელეკომპანია "უკრაინა 24"-ის ეთერში განაცხადა, რომ "აზოვსტალში" ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის ჯარი ქარხანას ტანკებით, არტილერიით და საჰაერო დარტყმებით უტევს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქარხანაზე შტურმს არ ახორციელებენ.
"უმაღლესმა მთავარსარდალმა საჯაროდ გასცა ბრძანება თავდასხმის გაუქმების შესახებ. არ არის შტურმი. ჩვენ ვხედავთ ვითარების გამწვავებებს, რომელიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბოევიკები საცეცხლე პოზიციებზე გამოდიან. ეს მცდელობები საკმაოდ ოპერატიულად ითრგუნება“, - განაცხადა პესკოვმა.
ბლოკირებულ მარიუპოლში მეორე დღეა რუსეთის სამხედროები უტევენ„აზოვსტალის“ ქარხანას, რომლის მიწისქვეშა თავშესაფრებში უკრაინული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები იმყოფებიან - ისინი, ვისი ევაკუაციაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
"აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მოლაპარაკებების შემდეგ, 26 აპრილს, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინი დათანხმდა პროცესში გაეროსა და "წითელი ჯვრის" მონაწილეობაზე.
2 მაისს ქალაქ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირთა ევაკუაციის პროცესი შეჩერდა, რუსეთმა განაახლა "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის დაბომბვა. მანამდე მოხერხდა რამდენიმე ათეული ადამიანის ევაკუაცია.