უკრაინის არმიის გენერალი და უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, მიკოლა მალომუჟი ამბობს, რომ ბირთვული ომისთვის რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისქვეშა ქალაქს ამზადებდეს. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
აღნიშნულს ირიბად 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები ადასტურებს, აცხადებს გენერალი.
“აღმოსავლეთ რუსეთში საბჭოთა ეპოქაში ომის დროს თავდაცვის ობიექტები, როგორიცაა ბირთვული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ რუსეთი მუდმივად დაზღვეულია, ამუშავებს სხვადასხვა სცენარებს, მათ შორის გლობალურ ომს.
ისინი ატარებენ ასეთი ობიექტების სრულ აუდიტს, ამოწმებენ ფარული მიწისქვეშა კონტროლის სისტემებსა და ჯარებს. თუ ასეთი ფრენები ნამდვილად იყო, მაშინ ეს ობიექტები პრაქტიკული გამოყენებისთვის მზადდება”,- ამბობს მალომუჟი
ეს მოწმობს, რომ ვლადიმირ პუტინი სხვადასხვა სცენარს განიხილავს.
“ეს არ მიუთითებს მოახლოებულ ომზე, მაგრამ აჩვენებს, რომ განიხილება სხვადასხვა სცენარი – როგორც ლოკალური ომი, რომელსაც ისინი აწარმოებენ უკრაინასთან, ასევე გლობალური ომი ნატოსთან. ასეთი სცენარები ხელს უწყობს რუსეთის ხელმძღვანელობას მოამზადოს ეს ობიექტები, ჩაატაროს ტესტები და დახვეწოს ისინი”.- თქვა მან.
კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება იცხოვრო ასეთ ბუნკერში?
– საბჭოთა კავშირის დროს ასეთ ბუნკერში ორი-სამი თვე შეიძლებოდა გაჩერება. მაგრამ ახლა უკვე არსებობს უფრო თანამედროვე საშუალებები, ასე რომ, ვფიქრობ, ახლა შეგიძლიათ იქ დარჩეთ ერთ წლამდე, განაცხადა გენერალმა.
მალომუჟს მიაჩნია, რომ პუტინი ბირთვულ ომს არ დაიწყებს, თუმცა ის აცნობიერებს, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს NATO-სთან გლობალური კონფლიქტის წინაპირობა.
“ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინის ომი შეიძლება იყოს გლობალური ომის დეტონატორი და რომ რაღაც მომენტში NATO კონფლიქტში ჩაერთვება – მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია. ეს აბსურდული იდეაა, მაგრამ ყველა რუსი ლიდერისთვის დამაინტრიგებელია. ისინი ხელმძღვანელობენ ცრუ შეტყობინებებით და ფობიებით, რომლებიც იწვევს ომს, კონკრეტულ მსხვერპლს და მშვიდობას საფრთხეს უქმნის. არა მგონია ბირთვული ომი იყოს. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ პუტინს მთელი მსოფლიო ამ ომის დაწყების ზღვარზე ეყოლება”.- ამბობს გენერალი.