უკრაინული მედია პოლიტიკურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლულია უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების უკრაინული დელეგაციის წევრი დენის კირეევი.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა ოფიციალური უწყებები კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, კირეევი დაკავებისას მოკლეს. მას უსაფრთხოების სამსახური რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის ღალატში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოც. ირწმუნებოდნენ, რომ ფოტოზე ნაჩვენები გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კირეევს ეკუთვნის.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, ტელეგრამის გვერდზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს კირეევის ღალატის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა.
დენის კირეევის მკვლელობა კიევში მოწმობს, რომ „ქვეყნის სრული დენაციფიკაციის გარეშე შეუძლებელი იქნება რუსეთთან რაიმე შეთანხმების მიღწევა“, - წერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი და უკრაინულ მედიაში კირეევის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კირეევი 28 თებერვალს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შემდგარი მოლაპარაკებების პროცესში მონაწილებდა, რომელიც ბელარუსის ქალაქ გომელში შედგა. უცნობია მისი უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში მოხვედრის დეტალები და კონკრეტულად რა საკითხებზე იყო ის პასუხისმგებელი.
ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ კირეევი 2010-2014 წლებში მუშაობდა „Ощадбанк"-ის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, მანამდე კი „Укрэксимбанк“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის იყო.
ოფიციალურად ცნობილია, რომ უკრაინული მხარის დელეგაციას წარმოადგენენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი, უკრაინის სამმხრივი კონტაქტების ჯგუფის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედიან: რუსეთის ელჩი ბალარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.