ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები მიზანად ისახავენ შესაბამისი თანხის ერთ კვირაში შეგროვებას.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე - დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.
წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად - სულ შესაგროვებელია 12560 ლარი.
ყველას, ვინც 25 ლარზე მეტს შესწირავს, საჩუქრად გადაეცემა ერთი წიგნი. რასაკვირველია, 25 ლარზე მეტის შემოწირვა შესაძლებელი და სასურველიცაა. რაც მეტი, მით უკეთესი.
დანარჩენი წიგნები გადაეცემა ლიტერატურის მუზეუმს და მუზეუმი განკარგავს მათ შემდგომში. ჩვენი სურვილია, წიგნის განახლებულ ვერსიას დავურთოთ შემომწირველთა სიაც. თუ გსურთ, თქვენი სახელი მოხვდეს ამ სიაში, გთხოვთ ბანკიდან გადმორიცხოთ თანხა და თქვენი სახელი გვეცოდინება. თუ არ გსურთ თქვენი სახელი ვიცოდეთ, შეგიძლიათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გამოიყენოთ.
ჩვენი ანგარიშის ნომერია GE89TB7528636010100045, მიმღები: ნატალია ალხაზიშვილი
ჩვენი მიზანია საჭირო თანხა ერთ კვირაში შევაგროვოთ.
ამ ფეისბუქ გვერდზე ყოველ დღე გაცნობებთ, თუ რამდენი თანხაა შეგროვილი", - წერენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ნატო ალხაზიშვილი, ანა მარგველაშვილი და ნინო ლეჟავა.
ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ მუზეუმში დარჩენილი ტირაჟის კულტურის სამინისტროსთვის გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამინისტრომ მოითხოვა გამოცემის გავრცელების შეწყვეტა.
წიგნი 2021 წლის ბოლოს დაიბეჭდა, მისი პრეზენტაცია ლიტერატურის მუზეუმში 23 დეკემბერს გაიმართა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასში ელენე დარიანის სახელით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, 2 იანვარს თავად ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა.
კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრიდან მათ არაერთმა "სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უახლოეს პერიოდში, სამინისტრო ლაშა ბაქრაძესთან გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. „აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია".
კულტურის სამინისტროს განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში მინისტრის, თეა წულუკანის გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის მინისტრის პოზიციიდან გათავისუფლების გარდა, დროა საქართველოს კულტურის სისტემაც განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.