ორშაბათს, 17 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. ის შეხვდება ალიანსის გენერალურ მდივანსა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.
"ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის და დარწმუნებული ვარ რუსეთის ფედერაციასთან ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება, ჩვენი ნატოელი პარტნიორები აღჭურვილი იყვნენ ჩვენი პოზიციითაც, ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში, აქედან გამომდინარე მე ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა
შეხვედრის მთავარი მიზანია კონსულტაციები პოზიციების შესაჯერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ნატო -რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის თქმით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.