მთავარი არხის ეთერში გასული ეგზითპოლის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს კომპანია Ipsos-ი. 27 ოქტომბერს მთავარმა საზოგადოებას 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარებული ეგზითპოლების შედეგები ამცნო, მოგვიანებით Ipsos-მა თავად გამოაქვეყნა იგივე კვლევის შედეგები, სადაც განსხვავებული იყო ზუგდიდის შედეგები.
“IPSOS-ს სწამს, რომ ინციდენტი გამოიწვია „მთავარი არხის“ მხრიდან გაუგებრობამ, თუ რა იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად. „მთავარი არხისადმი“ გაგზავნილი ჩვენი ანგარიში მოიცავს სრულ შეწონილ და შეუწონელ შედეგებს ზუგდიდისთვის. IPSOS-ის პრაქტიკის თანახმად, ამას ვაკეთებთ სრული გამჭვირვალობისთვის.
სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შეუწონავი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი და არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის ზუსტი და საბოლოო. ეს არის დაბნეულობის წყარო" - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ სწორია ის მონაცემები, რომელიც მათ საიტზეა გამოქვეყნებული, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა მთავარისთვის ჩატარებული კვლევის შედეგების გასაჯაროების უფლება კონტრაქტის მიხედვით. დღეს მთავარის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია სწორედ კონტრაქტის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მომხდარის გამო ტელევიზია წყვეტდა მათთან კავშირს.