„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თვითმმართველობის არჩევნებში „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა სერგო ჩიხლაძემ რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ძირითადად არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორ პოლიტიკურ პოლუსს შუა მყოფი პარტიების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ამ ეტაპზე არის ის, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოტივირებას და მობილიზებას, რათა ისინი 30 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მივიდნენ და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატებს მისცენ.
„საჭიროა კიდევ ერთხელ გზავნილების გაგზავნა მათთან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი მოსვლა მეორე ტურებზე. იმიტომ, რომ ყველა არჩევნები, მათ შორის „ქართული ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნები, აჩვენებს, რომ თუ არის მაღალი მოსვლა, მიუხედავად გაყალბებისა, ადმინისტრაციული რესურსისა და ყველა იმ მაქინაციისა, რასაც „ქართული ოცნება“ მიმართავს, წილობრივად მაინც უჭირთ მათ სათავისოდ დაბალანსება“, - განაცხადა სერგო ჩხლაძემ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ამ მიმართულებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეგიონული სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველთან, არამედ ოპოზიციურ ელექტორატთან ზოგადად. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე შესაბამისი მუშაობა საარჩევნო კომისიებში, სადაც პარტიას ყველა დონეზე ჰყავს თავისი წარმომადგენლები.
სერგო ჩიხლაძემ „დღის საუბრებში“ 30 ოქტომბერი, ანუ არჩევნების მეორე ტური, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემონტაჟის პირველ ეტაპად განიხილა და განაცხადა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს გარდაუვალი იქნება: „უნდა მოვიდეთ, მივცეთ ოპოზიციურ კანდიდატებს ხმა და ეს იქნება პირველი ეტაპი, რომ გაისად გვეღირსოს ვადამდელი, თავისუფალი, წესიერი არჩევნები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ „დღის საუბრებში“.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმა, 46,74 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,67%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,80 % აქვს. "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" შედეგი მხოლოდ 1,34%-ია. პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.