უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არც ის და არც ვინმე სხვა შემოქმედებითი სტუდია „კვარტალ 95“-დან, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც არის ის, არ ყოფილა ფულის გათეთრებით დაკავებული.
ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის ლიდერმა ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაციაზე, ე.წ. „პანდორას ქაღალდებზე“, რაც ადრე გამოქვეყნდა ოქტომბერში.
ზელენსკის თქმით, ამის თაობაზე ინფორმაცია ადრეც გამოჩენილა მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს კონტროლქვეშ მყოფ მედიაში. ამასთან, როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ზელენსკიმ არ უარყო, რომ 2012 წელს ოფშორულ კომპანიებს იყენებდა. „იანუკოვიჩის დროს ყველა ახდენდა საკუთარი ბიზნესის სტრუქტურირებას, განსაკუთრებით, მედიასთან დაკავშირებულის. ყველა არხს ჰქონდა კომპანიები უცხოეთში, აბსოლუტურად ყველას. ვინაიდან ეს იყო შესაძლებლობა, რომ შენზე არ ემოქმედა პოლიტიკას,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
„პანდორას ქაღალდები“, რომლებიც გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კომიტეტმა შეისწავლა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14 ოფშორული რეგისტრატორის 12 მილიონ დოკუმენტს შეიცავს. საქმე ეხება ოფშორული კომპანიებისა და მათი ნამდვილი მეპატრონეების შესახებ ინფორმაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაჟონვას.
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია მსოფლიოს 300-ზე მეტი ყოფილი და მოქმედი ლიდერი და მაღალი რანგის მოხელე.