რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 11 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს. კრემლის საიტის თანახმად, სამი ლიდერის საუბარი ძირითადად შეეხებოდა „ნორმანდიის ოთხეულის“ მუშაობას და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან მოწერიგებას.
„საგნობრივად განიხილეს შეშფოთების გამომწვევი სიტუაცია, რაც უკავშირდება შიდაუკრაინული კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის დამუხრუჭებას. ამასთან სამმა ლიდერმა აღნიშნეს 2015 წლის მინსკის შეთანხმების, როგორც კონფლიქტის მოწესრიგების უალტერნატივო საფუძვლის რეალიზების მნიშვნელობა, - ნათქვამია კრემლის საიტიზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში ვლადიმირ პუტინს უთქვამს, რომ კიევის ხელისუფლება ჯიუტად არიდებს თავს როგორ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი, ისე მომდევნო ნორმანდიის ოთხეულის პარიზის სამიტის ფარგლებში მიღებული ვალდებულებების შესრულებას.
უფრო ადრე ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონოს საუბარი გამართა უკრიანის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბარში ხაზი გაუსვა ნორმანდიის ოთხეულის ფარგლებში მოლაპარაკების განახლების აუცილებლობას.
უკანასკნელად „ნორმანდიის ოთხეულის“ - გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის - ლიდერები ერთმანეთს 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში შეხვდნენ.