საქართველოს პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - ერთ პირს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმად, მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვ.ო.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
პროკურატურა გეგმავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართოს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.