საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს. სააკაშვილთან საპატრიარქოს წარმომადგენელი დღეს, 7 ოქტომბერს შევიდა.
"დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.