აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ფრანგი კოლეგა, ემანუელ მაკრობი მომდევნო თვეში გამართავენ შეხვედრას, ხოლო მანამდე, შემდეგ კვირაში, ვაშინგტონშ დაბრუნდება საფრანგეთის ელჩი. ამის შესახებ ითქვა ორ ლიდერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც მიმართული იყო იმ დაძაბულობის შემცირებისკენ, რაც აშშ-ის მიერ უსაფრთხოების სფეროში ავსტრალიასთან დადებულ შეთანხმებას მოჰყვა.
ავსტრალიამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საფრანგეთთან გააუქმებს ავსტრალიის მიერ პარიზთან წყალქვეშა ხომალდების შესახებ 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას და ამის ნაცვლად ააშენებს, სულ მცირე, რვა ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს, აშშ-ის და ბრიტანეთის ტექნოლოგიის გამოყენებით - მას შემდეგ, რაც ამ სამმა ქვეყანამ უსაფრთხოების სფეროში გააფორმა AUKUS-ის სახელით ცნობილი ხელშეკრულება.
ავსტრალიის გადაწყვეტილებამ მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია პარიზში, რომელმაც განცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას განიხილავს პასუხის გასაცემად.
ევროპულმა კომისიამ ავსტრალიის ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა, გერმანიამ კი თქვა, რომ ეს არის „გამოსაფხიზლებელი სიგნალი“ ევროპისთვის, საიმისოდ, რომ მან დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობები გააფართოოს.
22 სექტემბრის სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ამ სტუაციაში მომგებიანი იქნება მოკავშირეებს შორის ღია კონსულტაციები ისეთ საკითხებში, რაც საფრანგეთისა და აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.