ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. დე ფაქტო კაგებეს ცნობით მიმდინარე კვირაში სამხრეთ ოსეთის ე.წ საჰაერო სივრცის დარღვევის ორი ფაქტი დაფიქსირდა.
„ქართველმა პოლიციელებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი ოთხშაბათს დაარღვიეს. იმავე დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლების თვალწინ გაუშვეს კვადროკოპტერი, რომელიც სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე ათეული მეტრით შემოიჭრა” - იტყობინება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
„7 ივლისს, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, სასაზღვრო განყოფილების ოფიცრებმა დააფიქსირეს სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების მიერ ზნაურის რაიონის სოფელ ისაკკაუს მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოგვიანებით, საქართველოს მხრიდან 12 ადამიანი მივიდა სახელმწიფოთაშორისი ხაზის ამ მონაკვეთთან, მათ შორის ორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საიდენტიფიკაციო ნიშნებით და სამი ქართველი პოლიციელის ფორმით. მათ გაუშვეს კვადროკოპტერი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში 60 მეტრში შემოვიდა”, - განაცხადეს კგბ-ში.
ოთხშაბათს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მინდორში დრონი მართლაც დაფრინავდა, თუმცა ეს არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს კვადროკოპტერი. ის ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საკუთრებაა.
მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ 7 ივლისს გაავრცელა დრონით გადაღებული ვიდეოკადრები. მისი თქმით დრონის ვიდეოკამერამ დააფიქსირა საოკუაპაციო ძალების წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყო გადმოსული და დრონის გამოჩენისთანავე ბუჩქებში დაიმალა.
ქაცარავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი დრონი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაფრინავდა. ქაცარავა დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გაეცნო. მისი აზრით მომავალ ერგნეთის შეხვედრაზე ოსური მხარე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას წაუყენებს, საქართველოს ხელისუფლება კი ანტისაოკუპაციო მოძრაობას კონფლიქტის ზონაში შესვლას აუკრძალავს, რათა რუსებს კომფორტის ზონა შეუქმნას და „ბორდერიზაციის“ პროცესი უპრობლემოდ გააგრძელონ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება.