ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა თბილისის მერს კახი კალაძეს მოუწოდებს, "ღირსების მარშის" თბილისში უსაფრთხოდ ჩასატარებლად ყველა ზომა გაატაროს. წერილი, რომელიც 1 ივლისით არის დათარიღებული, ამსტერდამის პრაიდის ელჩმა ჰანს ვერხოვენმა გაასაჯაროვა.
რადიო თავისუფლება წერილს სრული სახით გთავაზობთ:
"ლგბტ აქტივისტების მამაცმა ჯგუფმა თბილისიდან გამოიჩინა ინიციატივა, ჩაეტარებინათ პრაიდი თქვენს ქალაქში 1-დან 5 ივლისამდე. პროგრამის ფარგლებში 5 ივლისს გათვალისწინებულია მარშის ჩატარება.
წლების განმავლობაში ამსტერდამში პრაიდი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ლგბტ საზოგადოების ხილვადობის გასაზრდელად. ხილვადობით ლგბტ საზოგადოების პოზიციის გააზრება მოხდა და საზოგადოება პოზიტიურად შეცვალა. დარწმუნებული ვარ, პრაიდი და მარში შესაძლებელია გახდეს ასეთივე ცვლილების დასაწყისი თქვენს ქვეყანაში. ცვლილებს, დარწმუნებული ვარ, თქვენ, როგორც თბილისის ყველა მოსახლის მერი, მიესალმებით.
მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ ლგბტ აქტივისტებისთვის შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო და დაცულად შეუერთდნენ ღირსების მარშს. მთავრობას აქვს ყველა საშუალება, რომ იყოს ეს ღონისძიება უსაფრთხო. ის, რაც ამას ძალიან ეხმარება არის საჯარო განცხადებები, რომ იქნება ყველა საშუალება გამოყენებული პრაიდის უსაფრთხოებისთვის. მივესალმები და დავაფასებ ასეთ განცხადებას თქვენგან.
5 ივლისს ღირსების მარშს ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერხოვენი. ველოდებით მის ანგარიშს ამსტერდამში დაბრუნების შემდეგ და ვიმედოვნებ, რომ ამ ანგარიშში საუბარი იქნება წარმატებულ, მშვიდობიან და უსაფრთხო პრაიდზე".
პრაიდის კვირეული საქართველოში 1 ივლისს დაიწყო. პირველივე დღეს ჰომოფობიურმა და სიძულვილის ჯგუფებმა კვირეულის ფარგლებში გამართული კინოჩვენების გაპროტესტება სცადეს. ისროდნენ ბოთლებსა და კვერცხებს და აგინებდნენ ღონისძიებაზე დამსწრე პირებს. პოლიციამ ამ საღამოს 23 პირი დააკავა, მათგან 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ამას წინ უსწრებდა სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები. მათ შორის, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "მიზანშეწონილად არ მიიჩნევს" პრაიდის ჩატარებას.
"მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - თქვა კალაძემ.
რადიო თავისუფლება ამ წერილთან დაკავშირებით თბილისის მერის პოზიციას, თუ ის განცხადების გააკეთებს, აუცილებლად შემოგთავაზებთ.