ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკა რუსეთის შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ მინსკისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე, კომერციული თვითმფრინავისთვის გეზის იძულებით შეცვლის და ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო.
28 მაისს, ლუკაშენკასთან მისალმებისას, პუტინმა განაცხადა, რომ მათი ერთდღიანი შეხვედრა მანამ დაინიშნა, სანამ "ემოციების ამოფრქვევა" მოჰყვებოდა 23 მაისს თვითმფრინავის მარშრუტის იძულებით შეცვლას. "ჩვენ ამ პროცესების გარეშე გვაქვს განსახილველი საკითხები" - უთხრა პუტინმა ლუკაშენკას. "დიახ, ეს ემოციების ამოფრქვევაა" - დაეთანხმა მას ლუკაშენკა.
23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ აიძულა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, გეზი მინსკისკენ შეეცვალა. მინსკის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.
დაპატიმრებულ ჟურნალისტს, 26 წლის რამან პრატასევიჩს ბრალად ედება სამოქალაქო არეულობის მოწყობა, რაც 15 წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას. მისი ადვოკატი, ინესა ალენსკაია ამბობს, რომ პრატასევიჩს პირველად 27 მაისს შეხვდა. "ყველაფერი რიგზეა, ის კარგ განწყობაზეა, დადებითად და ენერგიულად" - ამბობს ადვოკატი, თუმცა დასძენს, რომ არ შეუძლია თქვას სად იმყოფება ჟურნალისტი, ან გაამხილოს სხვა დეტალები.
ევროკავშირი ბელარუსისთვის შესაძლო ეკონომიკურ სანქციებზე მსჯელობს, თვითმფრინავის გატაცების პასუხად. ლისაბონში მყოფი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მიზანში უნდა ამოიღონ ბელარუსის ლიდერებისთვის ყველაზე მომგებიანი სფეროები- მაგალითად ნავთობისა და კალიუმის სექტორები.