მოსკოვში საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოიძახეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები (რუსეთის მიერ ორგანიზაცია შეტანილია „უცხოეთის აგენტების“ სიაში). საქმე ეხება თაღლითობის თაობაზე ბრალდებას, რომელიც აღძრულია ნავალნისა და სხვა პირების წინააღმდეგ. ამის შესახებ ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა დაწერა Telegram-ში.
პოლიციამ განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა გამოიძახონ დასაკითხად კორუფციასთან ბრძოლის ფონდის 70-მდე თანამშრომელი.
ჟდანოვმა აღნიშნა, რომ ნავალნის მიმართ თაღლითობასთან დაკავშირებით ეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან პირველი მოქმედებაა თითქმის ექვსი თვის წინ მისი აღძვრის შემდეგ.
გასული წლის ბოლოს საგამოძიებო კომიტეტმა განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის შესახებ აღძრა სისხლის სამართლის საქმე კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებლის, ალექსეი ნავალნისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, რომელთა ვინაობა სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუსახელებიათ. ბრალდების თანახმად, მათ გაფლანგეს 356 მილიონი მანეთის მოცულობის შეწირულებები, რომლებიც მათი ფონდების, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მუშაობისთვის იყო შეგროვებული.
თავად ნავალნიმ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით ტვიტერში დაწერა: „პუტინი, როგორც ჩანს, ისტერიკაშია“.