„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე ლევან ვასაძის ახალდაფუძნებულ პარტიასთან პარტნიორობაზე საუბარი არ ჰქონიათ და არც გეგმავენ.
„თუკი ვინმე შექმნის პარტიას, რომელსაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მე ამას მივესალმები“, - უპასუხა ინაშვილმა „ნეტგაზეთის“ კითხვას.
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ კარგად იცნობს ლევან ვასაძეს და თავს იკავებს მისი პარტიის შანსების შეფასებისგან.
„ჩვენ არ განვეკუთვნებით პარტიათა იმ კატეგორიას, რომლებიც შეშინებული და გაბრაზებული ხვდებიან ახალი პარტიების დაფუძნებას. დაფუძნდეს ეს პარტიები, მოსინჯონ ძალები პოლიტიკაში. ბევრს ადვილი ჰგონია პარტიის შექმნა, არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ეს ძალიან რთული პროცესია. მაგრამ მე, მაგალითად, საერთოდ არ ვარ შიშით და სიბრაზით განწყობილი თუნდაც ბატონი ვასაძის პარტიის მიმართ“, - ამბობს ის.
„ერთობა, რაობა, იმედი“ - ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც ლევან ვასაძემ, ანტილგბტ აქტივობით ცნობილმა კონსერვატორმა ბიზნესმენმა დააფუძნა.