გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თარიღს ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როგორც სუს-ის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. სუს-ის შეფასებით, მკვლელობამ უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.
როგორც სუს-ი აცხადებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან.
მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა.
საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას ქართულმა სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს.