დმანისიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით პოლიციას სამანქანო გზა აქვს გადაკეტილი - გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს მთელ მუნიციპალიტეტში. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია იმ მოტივით, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში არ მოხდეს არაადგილობრივების შესვლა, რომლებიც მიმდინარე დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებენ. პოლიცია ატარებს სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს, სამთავრობო ეკიპაჟებს, დისტრიბუციის მანქანებს.
დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი, სვანი ეკომიგრანტების და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.