გაეროს ანგარიშის თანახმად, გულის დაავადებებით ან ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის საფრთხე უფრო მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კვირაში 55 საათს ან მეტს მუშაობენ.
გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გამოკვლევა 17 მაისს გამოქვეყნდა ჟურნალში Environment International და წარმოადგენს ხანგრძლივი დროის მუშაობით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის გამოწვეული საფრთხეების პირველ გლობალურ შეფასებას. კვლევა პანდემიამდელ პერიოდში (2000-2016) ჩატარდა და მოიცავდა ასიათასობით ადამიანის მონაცემების შესახებ ათობით სხვა კვლევის დამუშავებას.
"კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის", - ამბობს მარია ნირა, WHO-ის გარემოს, კლიმატის ცვლილებების და ჯანდაცვის განყოფილების დირექტორი და დასძენს: "დადგა დრო, ყველამ - მთავრობებმა, დამქირავებლებმა და დაქირავებულებმა - თვალი გავუსწოროთ ფაქტს, რომ ხანგრძლივმა სამუშაო საათებმა შესაძლოა ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს".
WHO-ILO-ის ანგარიში ასკვნის, რომ კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობა - კვირაში 35-დან 40 საათამდე მუშაობასთან შედარებით, უკავშირდება ინსულტის საფრთხის 35 პროცენტით, ხოლო გულის იშემიური დაავადებით სიკვდილის საფრთხის 17 პროცენტით გაზრდას.