დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ დმანისის მერიაში გამართულ შეხვედრაში, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ კონფლიქტი ამოწურულია.
ეთნიკურად ქართველმა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ინციდენტები. „შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ეს იყო დასასრული. დასასრული იყო მისაღები, როგორც ჩვენთვის ისე აზერბაიჯანელებისთვის".
ეთნიკურად აზერბაიჯანელი მაღაზიის მეპატრონე, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ამბობს, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებმა უნდა გააგრძელონ მშვიდობიანი თანაცხოვრება. „ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლებთან გვაქვს მშვიდობიანი ურთიერთობა. მართალია, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, მუსლიმი სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-ს წარმომადგენლები.
„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ განიმუხტა საშიშროება. ყველას მონაწილეობით (სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის) იქნა შეთანხმება მიღწეული. მათ ერთმანეთს მიუტევეს, შერიგიდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო. მე, როგორც სასულიერო პირი მოვუწოდებ მათ, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. შორეულ ახლობელს, ახლო მეზობელი ყოველთვის სჯობია", - თქვა მუსლიმმა სასულიერო პირმა.
შეხვედრაში მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე იყო გამოწვეული. ის განსხვავებულად აფასებს დღეს, 17 მაისს, დილით განვითარებულ მოვლენებს. „რაც მოხდა დილით, ეს იყო ამის გაგრძელება, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ იყო ორგანიზებული. იმედი მაქვს, ამას პასუხი გაეცემა. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები აქ ერთად ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ. ზოგ ახალგაზრდას სისხლის უდუღს, ჰგონია, რომ აქ რაღაც ხდება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე შექმნილი კონფლიქტი", - აცხადებს სუბარი.
შენობის გარეთ შერკებილები არიან მოქალაქეები და იმყოფება პოლიცია.
შეხვედრიდან გამოსულებმა შეკრებილებს შერიგების შესახებ განუცხადეს.
16 მაისს მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.
დაპირისპირება გაგრძელდა 17 მაისს, დილით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდა სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.