ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს და დროა, მან დაკავებული თანამდებობა დატოვოს. ეს განცხადება მან საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრტეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც დღეს გაიმართა თბილისში, 9 აპრილის ბაღში:
"ქალბატონო სალომე, ქალბატონი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას. გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფო საპრეზიდენტო ინსტიტუტი არსებობს, თქვენ ბევრი არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის, რომ იმ უფლების ფარგლებში,რომლებიც გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს.
არ ვიცი, გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან "უპრაგონოდ" გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა ვილაპარაკო. თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, რადგან საზღვარი არ უჩანს ჩვენს უბედურებას, რადგან ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, ვიდრე კიდევ ერთი უბედურება არ დაგვმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგვცეს ბრძანება, შეიწყალოს ის, ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ სჯობს, რომ დაანახოთ ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამას იმით, რომ გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი ქვეყნისა და ერის წინაშე", - განაცხადა ლევან ვასაძემ. იმ გეგმებს შორის კი, რომლებიც მან დაასახელა, არის ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის აღდგენა:
„ჩვენ ვამბობთ ჩვენს პოლიტიკურ პროგრამაში, აღდგეს საქართველოში ხალხის მიერ არჩეული, ნდობითა და უფლებებით აღჭურვილი, ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი...ასევე მუნიციპალური და რეგიონული ორგანოების გაუსახურებულ, ეგრეთ წოდებულ პარტიულ სიებზე გადაყვანისა, დაბრუნდეს პირადი უშუალო არჩევითობა, ის რასაც საქართველოში მაჟორიტარული მმართველობა ჰქვია“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლისა და საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი" დაფუძნების შესახებ 6 მაისს განაცხადა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ მიიღო მძიმე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. ამის მიზეზად დაასახელა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური კრიზისი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო წვეთი მისთვის „დანიელსონის დოკუმენტის“ ხელმოწერა იყო.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებითაა ცნობილი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. ბიზნესმენი ლევან ვასაძე ერთ-ერთი იყო, ვინც იმუქრებოდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით. მოგვიანებით იგი სათავეში ჩაუდგა ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც კომბლებით და ქამრებით აპირებდნენ თბილისი პრაიდის ღირსების მარშის ჩაშლასაც.
ლევან ვასაძეს 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.