ისრაელის საავიაციო იერიშის შედეგად ღაზის სექტორში განადგურდა მრავალსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსებული საერთაშორისო მედიის ოფისებს დაჯგუფება „ჰამასი“ იყენებდა „ცოცხალ ფარად“, -ამის შესახებ საუბარია ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებაში.
"ცახალის" ცნობით, მოსალოდნელი იერიშის შესახებ ისრაელის არმიამ ერთი საათით ადრე გაავრცელა გაფრთხილება, რამაც შესაძლებლობა მისცა ყველა ჟურნალისტს, რომ უსაფრთხოდ დაეტოვებინა შენობა.
სამის საავიაციო ჭურვი მოხვდა 12-სართულიან შენობას, რომელიც მთლიანად ჩამოინგრა და მტვრის გიგანტური ღრუბელი წარმოშვა.
შენობაში მდებარეობდა „ასოშიეიტიდ პრესისა“ და ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ოფისები.
ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.
კონფლიქტის განმავლობაში პალესტინის მხარეს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 140 ადამიანი, ისრაელი იუწყება 9 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
დაღუპულთა შორის არის 36 ბავშვი, ამის შესახებ წინა დღით განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ჯულიეტ ტუმამ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.