პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურად მიმდინარე თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
ბურჭულაძემ ილაპარაკა საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულებისა და მიმდინარე მოლაპარაკების შესახებაც. მისი ინფორმაციით, ამ კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.
„დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატოში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, - თქვა მინისტრმა. მისი ინფორმაციით, ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა მიმდინარე წელს დასრულდება.