მიზანშეწონილობის ფარგლებში უნდა ვიყოთ. თუ ჩავთვლით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე რეალისტური კანდიდატი ნიკა მელიაა, ამ შემთხვევაში ჩვენს გადაწყვეტილებას საზოგადოება შეიტყობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ადგილობრივი არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ არის, პრაქტიკულად რეფერენდუმის ტიპისაა, ოპოზიციამ იმგვარი კონსოლიდაცია უნდა მოახერხოს, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ. ეს ფაზა უნდა დავხუროთ და ახალ სტადიაზე უნდა გადავიდეთ! პირველი, სწორი და პრაგმატული კოორდინაცია უნდა გვქონდეს.
ნიკა მელიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დადგება, თუ არა კანდიდატად. ჩვენ შეხვედრები გვექნება. მიზანშეწონილობისა და რეალისტურობის ფარგლებში უნდა ვიყოთ. თუ ჩავთვლით, რომ ისაა ამ შემთხვევაში საუკეთესო კანდიდატი და მას მართლაც აქვს, დღეს ძალიან დიდი შანსი, იყოს ყველაზე რეალისტური კანდიდატი, ვინც სახელისუფლებო კანდიდატს დაამარცხებს. ამ შემთხვევაში ჩვენს გადაწყვეტილებას საზოგადოება შეიტყობს“, – განაცხადა წერეთელმა.
წერეთელმა ასევე ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა, არ შესვლის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტს და საკანონმდებლო ორგანოში არ შევა, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მათი როლი შემცირდება.
„ახლა ხომ არ გვქვს ორდინალური ვითარება?! მთელი ოპოზიცია შეიკრა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს, ურჩევნია პარლამენტში იყოს და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ქვეყანაში ძალიან რთული კრიზისული ვითარებაა… ასე ნუ ვიტყვით, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, ეს რაღაც ავტომატურად ნიშნავდეს იმას, რომ მათი როლი შემცირდება. არ იქნება ასე! ხელისუფლებისთვის ეს გაცილებით უფრო მძიმე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი „ჭირი“ ერთპარტიული პარლამენტი მოიშორეს“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, „ევროპული საქართველო“ რას აპირებს და რა გეგმები აქვთ, წერეთელმა უპასუხა, რომ ახლა მისი პარტია პრინციპულ პოზიციაზე დგას და ამ პოზიციას თავისი დამფასებლებიც ჰყავს.
„ევროპული საქართველო“ არა მარტივ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ის საპარლამენტო პარტიაა და პრაქტიკულად მისი წარმომადგენლები პარლამენტში არ არიან. ჩვენ ახლა პრინციპული და ძალიან თანმიმდევრული პოზიცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ვიღაცას მიაჩნდეს, რომ თუნდაც მე გიგი წერეთელი ამ საკითხს ძალიან კონსტრუქციულად უნდა ვუდგებოდე და მივერეკებოდე ყველას, რომ რა მანდატებიც გვაქვს, უნდა მივიღოთ და შევიდეთ პარლამენტში. ამ პრინციპულ პოზიციას თავისი დამფასებლები ჰყავს. პოლიტიკური სიჭრელე არ გვაშინებს, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ამომრჩევლები იკვეთებიან“, – განაცხადა წერეთელმა.