აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 10 მაისს ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას ნატოს აღმოსავლელი წევრი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაში, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს.
ბაიდენი შეხვედრაზე სიტყვით გამოვა და "გამოხატავს თავის სურვილს მჭიდრო თანამშრომლობაზე ჩვენს მოკავშირეებთან ცენტრალურ ევროპაში, ბალტიისპირეთში და შავი ზღვის რეგიონში, გლობალური გამოწვევების მთელი სპექტრის გარშემო" - აცხადებს თეთრი სახლი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ამ ქვეყნების უმეტესობას აშფოთებს რუსეთის მცდელობა აღადგინოს გავლენა რეგიონში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით უჭერს მხარს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე.
რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანესი ტვიტერით წერს, რომ მოხარული იქნება უმასპინძლოს ბაიდენს და დასძენს, რომ ეს არის მოსამზადებელი ხასიათის შეხვედრა მომავალ თვეში დანიშნული ნატოს სრული სამიტისთვის. იოჰანისის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც.