ნატოს აღმოსავლეთ ევროპელი წევრები ითხოვენ ალიანსის მეტი ძალის განთავსებას აღმოსავლეთით - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა 10 მაისს, ვირტუალური სამიტის შემდეგ, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც იღებდა მონაწილეობას.
"შემაშფოთებელი ვითარება შავ ზღვაზე, რომელიც დეტალურად განვიხილეთ, ადასტურებს, რომ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ" - თქვა იოჰანისმა ბუქარესტში.
"ბუქარესტის ცხრიანად" წოდებული ჯგუფის, ნატოს აღმოსავლელი წევრი სახელმწიფოების სამიტს ერთობლივად მასპინძლობდნენ იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა, რომელიც ბუქარესტში ჩავიდა.
"ნატომ უნდა გააგრძელოს თავისი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციების გაძლიერება, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მხარეს, ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე. ამიტომაც, პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენს დისკუსიაზეც მე გამოვედი მოწოდებით ალიანსის და აშშ-ის წარმომადგენლობის გაზრდის თაობაზე რუმინეთში და აღმოსავლეთის მხარის სამხრეთ მონაკვეთში" - თქვა იოჰანისმა.
სამიტამდე თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ბაიდენი შეხვედრაზე "გამოხატავს თავის სურვილს მჭიდრო თანამშრომლობაზე ჩვენს მოკავშირეებთან ცენტრალურ ევროპაში, ბალტიისპირეთში და შავი ზღვის რეგიონში, გლობალური გამოწვევების მთელი სპექტრის გარშემო".
"ბუქარესტის ცხრიანი" აერთიანებს რუმინეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას. ამ ქვეყნების უმეტესობას აშფოთებს რუსეთის მცდელობა აღადგინოს გავლენა რეგიონში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით უჭერს მხარს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე.