შოტლანდიაში, უელსსა და ინგლისის რიგ რეგიონებში, მათ შორის ლონდონში, ხუთშაბათს ტარდება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა არჩევნები. ეს არის უდიდესი არჩევნები დიდ ბრიტანეთში პარლამენტის 2019 წლის კენჭისყრის შემდეგ, რომელშიც გამარჯვებას მიაღწიეს კონსერვატორებმა.
არჩევნების შედეგებზე დამოკიდებულია, მიიღებენ თუ არა შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები საკმარისად ძლიერ მანდატს ლონდონთან მოლაპარაკებისთვის; ხუთშაბათის არჩევნებზე ასევე უნდა გაირკვეს დარჩება თუ არა მეორე ვადით ლონდონის მერის პოსტზე, ლეიბორისტი სადიკ ხანი და შეძლებენ თუ არა ბოლო ხანს დაკარგული პოზიციების თუნდაც ნაწილობრივ აღდგენას ბრიტანელი ლეიბორისტები.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ხმების დათვლა ჩვეულებრივზე ნელა უფრო წარიმართება და შედეგები, დიდი ალბათობით, ან პარასკევს გახდება ცნობილი, ან მომდევნო დღეებში.
ყველაზე დიდი ინტერესი მიპყრობილია შოტლანდიაში მიმდინარე არჩევნებისადმი. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შოტლანდიის ნაციონალური პარტია მყარ უმრავლესობას მოიპოვებს, ის ამას ჩათვლის, როგორც ამომრჩევლთა მანდატს, რომ დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმის თაობაზე დაიწყოს ლონდონთან მოლაპარაკება.