პირველადი ინფორმაციით, 30 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ეს არის სპეციალური კომისის წინასწარი ინფორმაცია. გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მონაცემები შეიცვალოს მას მერე, რაც კომისია მუშაობას დაასრულებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ამინდი გაუარესდა, ღამეს სახლში ვერ გაათევენ, რადგან ოთახებში წყალი ჩავა. გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე დაზიანებულ სახურავებს ტენტით გადაუხურავენ.
აღსანიშნავია, რომ კაჭრეთში სახლების სახურავების გარდა, ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ერთწლიანი კულტურებიც გაანადგურა. დახოცილია შინაური ფრინველიც.
ბოლო სამი დღეა კახეთში ცალკეული მუნიციპალიტეტები დაისეტყვა. დაზარალებულთა ინფორმაციით, სტიქიამ ზოგ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას და ბანკებში სესხების გადავადებას ითხოვს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აანაზღაურებს და მათ მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლიათ.