საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისულება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგი გააგრძელოს, თუმცა პრინციპულ საკითხებზე მათი პოზიცია უცვლელია, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიები და ესწრებოდნენ.
„ვისმჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს - მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინე თითეული წარმომადგენლისგან, თითოეული მონაწილისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე მათ რა თქმა უნდა გავეცი პასუხი. ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, მე რა თქმა უნდა მექნება კონსულტაციები. პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენს პოზიციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი სიტყვებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება იყო უმოკლეს დროში საერთო ენის გამონახვა.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია, რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, პოზიციამ ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც იქვე დასძინა, რომ შარლ მიშელის ამ მოწოდებას საერთო ეროვნული იდეის გაჩენის იდეით უპასუხა.
„მე კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და ისეთი ეროვნული იდეა, საერთო, ასე ვთქვათ იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააერთიანებს, ეს არის ის რაც დღეს სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას. საერთო ეროვნული კონსენსუსი საერთო ეროვნული თანხმობა, რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით ყველაზე მთავარი რაც საზოგადოებას აწუხებს ეს არის ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდპანდემია და ამ საკითხების გარშემოა საჭირო გაერთიანება. მან იმედი გამოთქმა, რომ ოპოზიცია „ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“ და თავის მხრივ კი გამოთქვა დიალოგისთვის მზაობა.
შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ის ამაყობს, რომ ამ შეხვედრით კარგი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.
მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.